საფრანგეთის დელეგაციამ და საპენსიო სააგენტომ საპენსიო რეფორმის შესახებ კონფერენცია გამართეს

დღეს, საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებისა და საფრანგეთის დელეგაციის ერთობლივი კონფერენცია შედგა. შეხვედრის მთავარი თემა დაგროვებითი საპენსიო სისტემა და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2019 წლის იანვრიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო ფრანგული მხარე და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ საქართველოში საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, უცხოელი ექსპერტები საპენსიო სააგენტოს სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევენ. საპენსიო სისტემის ეფექტიანობისათვის საპენსიო რეფორმის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და „ექსპერტიზ ფრანსი“-ს ჩართულობით განხორციელდება. ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი სააგენტოს საორგანიზაციო თემებში, მათ შორის: პერსონალის აყვანა და დატრენინგება, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემის შემუშავება, იურიდიული და ინსტიტუციონალური მოწყობის საკითხები, საინფორმაციო სისტემების, რისკების მართვის და საინვესტიციო პოლიტიკის საკითხებშიც ჩაერთვება. დღევანდელ კონფერენციაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელობა იყო. სპეციალისტების განცხადებით, საპენსიო რეფორმის ეფექტურად განხორციელებისათვის, მნიშვნელოვანია, მასში ჩართულ მხარეებს, რეფორმასთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ. აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესის პარალელურად, ქართულ მხარეს უკვე დაწყებული აქვს საინფორმაციო კამპანია, რომელიც მასშტაბურ სახეს დაახლოებით ერთ თვეში მიიღებს. მხარდაჭერის პროექტისათვის საფრანგეთის განვითარების სააგენტო 500 ათას ევროს გამოყოფს და მას კომპანია „ექსპერტიზ ფრანსი“ განახორციელებს. შეგახსენებთ, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და ყოველთვიურად დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2 პროცენტი მიემართება. ორ-ორი პროცენტის კონტრიბუციას კი დამსაქმებელი და სახელმწიფო გააკეთებს. სისტემაში მონაწილეობა 40 წლამდე დასაქმებული პირებისათვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ ნებაყოფლობითი, ასევე ჩართულობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისათვის.

საქართველოში საპენსიო რეფორმის დანერგვას ფრანგი ექსპერტები დადებითად აფასებენ

საქართველოში საპენსიო რეფორმისადმი მიძღვნილ კონფერენციას მარისოლ ტურენი ესწრებოდა. ის საფრანგეთის სახელმწიფო მრჩეველი და სოციალური დაცვის ექსპერტია. ამასთან, მარისოლ ტურენს სოციალურ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გასულ წლებში ევროპელი ექსპერტი საფრანგეთში სოციალური, ჯანმრთელობისა და ქალთა უფლებების დაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. მისი მოსაზრებით, დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ჩართულობას და მხარეების აქტიურ კომუნიკაციას. უცხოელი ექსპერტი საპენსიო რეფორმის მიმდინარე პროცესებს დადებითად აფასებს და იმედოვნებს, რომ საპენსიო რეფორმა ჩვენს ქვეყანაში წარმატებით განხორციელდება: „მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაცია, რათა ხალხმა მეტი გაიგოს დაგროვებითი საპენსიო სისტემის უპირატესობებზე და მიიღოს ინფორმაცია ამ სისტემის შესახებ. მაგალითად, საფრანგეთში ამ მიმართულებით მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩატარდა. თავად, რეფორმის მნიშვნელობა რა თქმა უნდა დიდია და ჩვენ მხარს ვუჭერთ მის განხორციელებას.“ - აცხადებს მარისოლ ტურენი.

საპენსიო სააგენტომ საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს 6 დიდ ქალაქში გამართა

საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საპენსიო საგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრები საქართველოს 6 დიდ ქალაქში გამართა. დეკემბრის თვეში ვიზიტები შედგა: გორის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავისა და თელავის მოსახლეობასთან. საინფორმაციო შეხვედრებზე მოწვეულნი იყვნენ: არასამთავრობო, სამთავრობო, მედია, კერძო სექტორების წარმომადგენლები და ადგილობრივი აზრის ლიდერები. შეხვედრებზე სააგენტოს თანამშრომლებმა წარმოადგინეს საპენსიო რეფორმა და ისაუბრეს საერთაშორისო გამოცდილებაზე. ასევე, რიგითი დასაქმებულის სხვადასხვა ოდენობის შემოსავლის მაგალითებზე დაგროვებითი პენსიის ოდენობები განიხილეს. შეხვედრები, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ინტერაქტიული იყო. დამსწრეები საუბრის შინაარსს ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს და ერთვებოდნენ დამაზუსტებელი შეკითხვებით. საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავენ. ინფორმაცია დეტალურად გავრცელდება, როგორც საპენსიო სააგენტოს ოფიციალური და ფეისბუქ გვერდით, ასევე მედია საშუალებებით.

საპენსიო სააგენტომ ბორჯომში მედიატური გამართა

პირველ დეკემბერს, ბორჯომში, მედიის წარმომადგენლებისათვის საპენსიო სააგენტომ მედიატური გამართა. შეხვედრის მიზანი, მედიის წარმომადგენლების ინფორმირებულობა იყო. საპენსიო ფონდის თანამშრომლებმა მაგალითებით და ვიზუალური მასალებით, შეხვედრის მონაწილეებს, დაგროვებითი საპენსიო სქემის სიღრმეები და დეტალები აუხსნეს. მედიატურის მიმდინარეობისას: საპენსიო სქემაში მონაწილეობის, საპენსიო შენატანების, თანხების შემდგომ ინვესტირების, რისკების კონტროლისა და თანხის გატანის პროცედურებზე დაისვა შეკითხვები. ვიმედოვნებთ, რომ მოწვეული ჟურნალისტები მედიატურზე მიღებულ შთაბეჭდილებებს და ინფორმაციას სამომავლოდ საზოგადოებას საინფორმაციო წყაროებით გაუზიარებენ. მოქალაქეებს იმ დადებითი მხარეების შესახებ მოუთხრობენ, რომლებიც მათ საპენსიო სისტემის შემოღებით უნდა მიიღონ. საპენსიო სააგენტო ჟურნალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობას და რეგულარულ შეხვედრებს სამომავლოდაც გეგმავს. 2019 წლის პირველი იანვრიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. საპენსიო სქემის ამოქმედების მომენტიდან შესაძლებელი გახდება დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა და მშვიდი და უზრუნველი სიბერისათვის დანაზოგის გაკეთება.

შეხვედრა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან

დღეს, სასტუმრო „იოტაში“ საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე და სააგენტოს წარმომადგენლები ბიზნეს ასოციაციებს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) -ის მხარდაჭერით. შეხვედრის ძირითადი მიზანი დაგროვებითი საპენსიო რეფორმის და მისი იმპლემენტაციის პროცესის შესახებ ინფორამციის მიწოდება და ბიზნეს სექტორთან პროაქტიული დიალოგის წარმართვა იყო. „ საპენსიო სააგენტო კანონით გათვალისწინებულ ვადებში დაიწყებს ფუნქციონირებას და საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას. ორ დღეში გაეშვება საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდი, სადაც განთავსებული იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია და ინსტრუქციები. მიმდინარეობს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის ტესტირება, რომელიც პირველი იანვრიდან გაეშვება და რომელიც საპენსიო სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფმა შექმნა. ინტენსიურად მიმდინარეობს საზოგადოების ინფორმირება რეფორმასთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე. რეგიონების 6 დიდი ქალაქში ჩატარდა შეხვედრები ადგილობრივ მედიასთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან, გრძელდება ყოველდღიური შეხვედრები თბილისში. საინფორმაციო კამპანია გაგრძელდება კიდევ უფრო ინტენსიურ რეჟიმში, ყველა შესაძლო საინფორმაციო არხების გამოყენებით“ - აცხადებს სურგულაძე.