ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორი

ლევან სურგულაძეს მიღებული აქვს ბაკალავრის (BS) და მეცნიერებათა მაგისტრის (MS) ხარისხები ფიზიკაში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (PhD) ფიზიკაში (მაღალი ენერგიების თეორიული ბირთვული ფიზიკა) მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიიდან (მოსკოვი), ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) ფინანსების და ფინანსური ინჟინერიის სპეციალიზაციით (აშშ), ფილოსოფიის დოქტორის (PhD) კურსი ფინანსური ინჟინერიის სპეციალიზაციით (აშშ).

1990 წელს, ლევან სურგულაძემ თავისი კარიერა დაიწყო, როგორც მეცნიერ–თანამშრომელმა მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში. 1991–1992 წლებში მუშაობდა მიწვეულ პროფესორად და მეცნიერ–თანამშრომლად რამდენიმე უნივერსიტეტში, ასევე სამეცნიერო კვლევით ცენტრებში ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის, ფერმის ამაჩქარებლის ნაციონალურ ლაბორატორიაში (ჩიკაგო, აშშ) და თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (ტრიესტი, იტალია). 1992–1999 წლებში ბატონი ლევანი იყო მეცნიერ–თანამშრომელი, ხოლო შემდგომ უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი ამერიკის შეერთებული შტატების ორ უნივერსიტეტში. ამავე წლებში, იგი იყო ორი ამერიკული (Physical Review და Physical Review Letters), ევროპული (Physics Letters) და აზიური (Modern Physics Letters) წამყვანი სამეცნიერო ჟურნალების სარეცენზიო კოლეგიის წევრი და ამერიკის ფიზიკოსთა ასოციაციის (American Physical Society) წევრი.

1999 წელს ბატონმა ლევანმა თავისი კარიერა გააგრძელა უოლ–სტრიტზე, ნიუ იორკში, როგორც ტრეიდერ / რისკების მმართველად ამერიკის საფონდო ბირჟაზე (NASDAQ-AMEX); 2000–2001 წლებში იგი იყო უფროსი ვიცე პრეზიდენტი / კონსულტანტი Deutsche Bank – ის ლონდონის ოფისის გლობალური საკრედიტო დერივატივების მიმართულებით. 2001–2002 წლებში იგი იყო უფროსი ვიცე პრეზიდენტი / კონსულტანტი Barclays Capital – ის ნიუ იორკის ოფისის რისკის ფინანსების მიმართულებით. 2002–2007 წლებში, ბატონი ლევანი მუშაობდა რისკის კონტროლის დირექტორად შვეიცარიის გაერთიანებული ბანკის (UBS Investment Bank) ნიუ იორკის ოფისში. 2004 – 2013 წლებში ლევან სურგულაძემ საქართველოში, პარტნიორებთან ერთად დააფუძნა რამდენიმე კომპანია, რომლებიც 2014 წელს გაერთიანდნენ კავკასიის ბიზნეს ჯგუფში.

2009 წელს ლევან სურგულაძე დაინიშნა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრად, სადაც მუშაობდა ამ სააგენტოს ეროვნულ ბანკთან შერწყმამდე. 2011 წელს, ბატონი ლევანი დაინიშნა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და დანიშვნებისა და ანაზღაურების კომიტეტების თავმჯდომარედ, სადაც მუშაობდა 2018 წლის სექტემბრამდე. ლევან სურგულაძე 2014 წლიდან 2018 წლის სექტემბრამდე იყო კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2018 წლის სექტემბერში ლევან სურგულაძე დაინიშნა საპენსიო სააგენტოს დირექტორად.

ლევან სურგულაძეს გამოქვეყნებული აქვს 40–ზე მეტი მაღალ-ციტირებადი სამეცნიერო ნაშრომი წამყვან ჟურნალებში აშშ–ში, ევროპაში და აზიაში.